საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა

„აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებული არის“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების გამქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„აუცილებალდ დაველოდებით საბოლოო შედეგებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე 5 საათის შემდეგ. ასეთი არჩევნები, ბრჭყალებში, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ყველა, ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა – მოხდა ყველას მოსყიდვა, ყველა კრიმინალი, ყველა კორუფციონერი, ნარკომანი, ყველა საქმეში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, დღეს 5 საათის მდგომარეობით 756 ათასი ხმა მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ორ შედეგს მივაღწიეთ უკვე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. პირველი არის ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შესდგა. ეს არის მძლავრი ძალა, დაშლას არ ვაპირებთ და მეორე, ამ არჩევნებით, ე.წ. ხელისუფლებამ და ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებული არის. იმიტომ, რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხეება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს და მორიგ განცხადებას გავაკეთებთ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.