საქართველო

კახა კუკავა – მავნებლობაა, რომ საქართველოში უკრაინული ფორთოხლის წვენი იყიდება, როცა უკრაინაში ციტრუსი არ მოდის

ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილზე მწარმოებელს სახელმწიფო ყველანაირად ახრჩობს, რომ პროდუქცია არ იყოს გამოშვებული, რადგან იმპორტიორებისგან ქრთამის აღება უფრო ადვილია, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

„ომეგას“ სკანდალთან დაკავშირებით ხდებოდა ის, რომ ოქუაშვილმა სიგარეტის ადგილზე წარმოება დაიწყო და მიადგა ეს ჩუბინიშვილი, გახარია და მთელი მაფია და ყველანაირად ჩაძირეს. იგივე მოხდა „ნაციონალების“ დროს, როცა „შირნჰოფერს“ აქ ქარხნის გახსნა უნდოდა, მაგრამ ქარხანა დაახურინეს და დისტრიბუცია დაუტოვეს, რაც მავნებლობაა“, – განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად უნდა იყოს მოფიქრებული ისეთი მოდელი, როცა ადგილზე მწარმოებელ კომპანიებს საშეღავათო პერიოდი დაუწესდება და ეს განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებას შეეხება, რომ მარკეტებში მაგალითად, ქართული ფორთოხლის წვენი გვეღირსოს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ის იმპორტის შეზღუდვას და ეროვნული პროდუქციის გადასახადებისგან გათავისუფლებას ორი წლით, რაც მისი წინასაარჩევნო დაპირებაა; რა ნაბიჯებს გეგმავს იმისთვის, რომ შესაძლო წარმოქმნილი დეფიციტი დაიფაროს, რადგან შეზღუდვის შემთხვევაში, იმპორტის რაოდენობა და ბიუჯეტში იმპორტიდან შემოსული გადასახადები დაიწევს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოება ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე იმპორტირებული პროდუქციის დისტრიბუცია, რასაც მტკიცება არ სჭირდება.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში, მთავრობების ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკა ისაა, ქვეყნის იმპორტ-ექსპორტის სალდო როგორ გააუმჯობესონ და ე.წ სავაჭრო ომებიც ამიტომ მიმდინარეობს, საქართველოში კი, ეს საკითხი პოლიტიკურ ახალ ამბებში არ განიხილება.

„ციფრებში ჩახედული ძალიან ვიწრო წრის გარდა, არც არავინ იცის, რომ მაგალითად, 2003 წელს, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოვიდნენ, მაშინაც უარყოფითი სავაჭრო სალდო გვქონდა, მაგრამ ეს დაახლოებით, ნახევარი მილიარდი დოლარი იყო და მაშინ რომ ზრდა დაიწყო, ახლა ოთხი მილიარდი დოლარია. ანუ, ჩათვალეთ, ადგილზე წარმოების დარგები და დაახლოებით, 3,5 მილიარდის პროდუქცია, რომელიც ადგილზე იქმნებოდა, განადგურდა და ამ ყველაფრის იმპორტი ხდება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

1tv.ge