საქართველო

48 მილიონი ევროს პროექტს იწყებს ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს განვითარებისთვის

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები გაერთიანდა და ეს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობისას მოხდა. სწორედ ეს უწყება ფარავს ჩვენი პორტფოლიოს პროექტების დიდ ნაწილს, რომელსაც საქართველოში ვახორციელებთ, განაცხადა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას.

კატარინა მატერნოვას განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში დაახლოებით 48 მილიონი ევროს საბიუჯეტო პროექტს იწყებს.

„საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს განვითარებისთვის დაახლოებით 48 მილიონი ევროს პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც სამი მიმართულებით ვიმუშავებთ“, განაცხადა კატარინა მატერნოვამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანი საქართველოში, მათ შორის რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. პროექტი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ბიზნეს დავებზე სამართლიანი გადაწყვეტილებების მოკლე დროში მიღება; ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შექმნის წახალისება, რაც მომავალში სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს.

ამასთან, დახმარების პროექტი ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ითვალისწინებს ღირებულებათა ჯაჭვების/კლასტერების და ბიზნესინკუბატორების განვითარების ხელშეწყობას.