საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს

მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

„მინდა გითხრათ ოფიციალურად, რომ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში – ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა არის საკმაოდ მძიმე….

ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არამხოლოდ მათ წინაშე – ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლა – ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემ ოჯახში და არამხოლოდ ჩემ ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი.

და ვერც ერთი გახდა ვერც პრეზიდენტი, ვერც პარლამენტში ვერ იმუშავა, სახელმწიფო მოღვაწეობა ვერ შეასრულეს, რისთვისაც ჩემზე ბევრად მზად იყვნენ. ამ ადამიანების მიმართ, მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ამ მომენტში, ამ გამოწვევაზე უარისთქმა და არწასვლა ბოლომდე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი.

რისთვის ვიქნები პრეზიდენტი, ესეც მნიშვნელოვანია საკითხია. რა მინდა პრეზიდენტად როცა ვიქნები, რა მინდა ამ ქვეყნისთვის – პირველ რიგში, ალბათ, ამ ქვეყნის სტაბილურობა – ეყოფა ამ ქვეყანას ის, რაც გაიარა. ის ომი, კონფლიქტები და ომის დღეები მოდის ახლა და ამ თემაზე ჩვენ ალბათ ცალკე გვექნება კიდევ ბევრი სათქმელი და სახსენებელი. ეყოფა ამ ქვეყანას შიდა კონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და არამხოლოდ ის ბოლო ტერიტორიები. თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას, ძალიან მძიმე არის ამ კუთხით და ჩვენ პრაქტიკულად არ გვახსენდება ქვეყანა მსოფლიოში საერთოდ, რომელმაც ამდენი ტერიტორიები დაკარგა საუკუნენახევრში. ეს ყველაფერი გვყოფნის. გვყოფნის შიდადაძაბულობა, შიდასიძულვილიც და უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების, რისთვისაც შეიძლება, მე ამას ისე ვამბობ – მორიდებით მაინც, შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი ვიდრე კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი.

ეს არის ჩემი მისწრაფება, რომ სტაბილური იყოს ეს ქვეყანა, რომ იყოს გაერთიანებული და გაერთიანებას აქვს ბევრი სხვადასხვა ფორმა და ასპექტი. პირველ რიგში, ეს არის ადამიანების გაერთიანება – ერთნი არასოდეს არ გახდებიან და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გაერთიანება ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე და მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილნი. არ შეიძლება. პატარა ქვეყანას სჭირდება მეტი სწორედ სოლიდარობა, მეტი მთავარ თემებზე ყოველ შემთხვევაში გაერთიანება, თუ არადა, ხეირობს მხოლოდ ერთი – მტერი. ამიტომ, ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მე, არამედ ყველამ. ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა და ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი გასაკეთებელი.

მეორე გაერთიანების ასპექტი არის პარტიები – მე მგონი, დრო პარტიების საერთოდ დამთავრდა მსოფლიოში თუ გადავხედავთ და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა გვიან და დაგვიანებულნი, მაგრამ პარტიების ნეგატიური ასპექტები მე კარგად ვიცი თუნდაც ჩვენი წარსული ემიგრაციიდან, სადაც პარტიების შიდა ბრძოლებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს საერთო საქმეს”, თქვა მან.