მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

CIA-ის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ტრამპი მთლიანად პუტინის ჯიბეშია“

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა შეერთებული შტატების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან მას შემდეგ, რაც დაიცვა რუსეთის და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი არ ჩარეულა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ორშაბათს, ფინეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე გამართული თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპი კიდევ ერთხელ შეეწინაღმდეგა შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების დასკვნებს, განაცხადა რა, რომ რუსეთს არ ჰქონდა მიზეზი, ჩარეულიყო ამერიკის არჩევნებში.

კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, „რესპუბლიკელმა“ პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ტრამპი უნდა ხედავდეს, რომ „რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე“.

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯონ მაკკეინმა აღნიშნა, რომ ეს იყო „სამარცხვინო ქმედება“.

რა თქვა ტრამპმა?

პრესკონფერენციაზე ტრამპმა მისთვის დასმული შეკითხვის – მისი სადაზვერვო სააგენტოების სჯეროდა თუ რუსეთის პრეზიდენტის, როცა საკითხი მოსკოვის მხრიდან არჩევნებში ჩარევას ეხებოდა – საპასუხოდ განაცხადა:

„პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა რუსეთი. მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ის [მოსკოვი]“.

ტრამპმა ასევე რუსეთთან ცუდი ურთიერთობების გამო შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციები დაადანაშაულა, ვიდრე რუსეთის ქმედებები.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა დაასკვნეს, რომ 2016 წელს რუსეთი ჩაერია შეერთებული შტატების არჩევნებში ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს მხრიდან მართული კიბერ თავდასხმებით და ყალბი ახალი ამბების სოციალურ მედიაში გავრცელებით.

პრესკონფერენციის შემდეგ, მოგვიანებით, ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მას „დიდი ნდობა გააჩნია მისი სადაზვერვო სამსახურების და იქ მომუშავე ხალხისადმი“.

„როგორც მე ვთქვი დღეს და მანამდეც არაერთხელ მითქვამს, „მე მაქვს დიდი ნდობა ჩემი სადაზვერვო ხალხის“. მიუხედავად ამისა, მე ასევე ვაღიარებ, რომ იმისათვის, რომ ავაშენოთ ნათელი მომავალი, ჩვენ ვერ ვიქნებით ექსკლუზიურად ფოკუსირებული წარსულზე – როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე მსხვილი ბირთვული სახელმწიფო, ჩვენ უნდა შევეწყოთ ერთმანეთს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

როგორი იყო ამერიკის რეაქცია?

რაიანის მკაცრ განცხადებაში ნათქვამია: „არ არსებობს მორალური ეკვივალენტობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომელიც რჩება მტრული ჩვენი ძირითადი ღირებულებების და იდეალებისადმი“.

მისი თქმით, „არ არსებობს“ შეკითხვა, რომ მოსკოვი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში.

სენატორმა მაკკეინმა, ერთ-ერთმა ყველაზე მთავარმა წევრმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის, განაცხადა, რომ ეს იყო „სამარცხვინო ქმედება“ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან.

„არც ერთ მანამდელ პრეზიდენტს არასოდეს დაუმდაბლებია თავისი თავი უფრო საცოდავად ტირანის წინაშე“, აღნიშნულია მაკკეინის განცხადებაში.

კიდევ ერთმა „რესპუბლიკელმა“ და ასევე, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, ლინდსი გრემმა „თვითერზე“ დაწერა: „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა… რომ მტკიცედ აეღებინებინა პასუხისმგებლობა რუსეთისთვის 2016 წლის არჩევნებში ჩარევაზე“.

სენატის „დემოკრატების“ ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ ტრამპის ქმედებებმა „გააძლიერა ჩვენი მტრები, მაშინ როცა შეასუსტა ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობა“.

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა ასევე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სადაზვერვო საზოგადოება მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რუსეთის „მიმდინარე, ყოვლისმომცველი მცდელობების“ თაობაზე, ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების დემოკრატიას.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ ტრამპის პრესკონფერენცია „სხვა არაფერი იყო, გარდა მოღალატეობრივი ქმედებისა“.

„არა მხოლოდ ტრამპის კომენტარებია იმბეცილური, არამედ ის მთლიანად პუტინის ჯიბეშია. რესპუბლიკელო პატრიოტებო: სად ხართ???“ დაწერა ბრენანმა „თვითერზე“.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა 2013-2017 წლებში, ჯონ ბრენანმა თავისი უკმაყოფილება დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის ერთი-ერთზე შეხვედრის გამოც გამოხატა.

„რატომ შეხვდა ტრამპი ერთი-ერთზე პუტინს? რას შეიძლება უმალავდეს ის ბოლტონს, პომპეოს, კელის და ამერიკულ საზოგადოებას? როგორ გამოიყენებს პუტინი რუსეთის სასარგებლოდ და ამერიკის საზიანოდ იმას, რასაც ტრამპი შეიძლება მალავდეს?“ კითხულობს ბრენანი „თვითერის“ მეშვეობით და ასკვნის, რომ ტრამპისადმი ნდობის სრული უქონლობა ქმნის იმის განცდას, რომ არ დაუჯერონ მის ნებისმიერ ნათქვამ სიტყვას ამ საკითხზე.

პუტინთან ერთი-ერთზე შეხვედრის აზრს ვერ ხედავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, ჩაკ ჰეიგელი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი წუხს, რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა.

ამასობაში, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას, დაიცვა ტრამპი-პუტინის სამიტი და შეაქო დონალდ ტრამპი.

რა განაცხადა პუტინმა?

ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა ამერიკელ გამომძიებლებს შესთავაზა რუსეთში ვიზიტი და სადაზვერვო ოფიცრების დაკითხვა. მან ამავე დროს ამის სანაცვლოდ რუსეთისთვის შეერთებულ შტატებში იმ ადამიანებზე წვდომის უფლება მოითხოვა, რომლებიც კრიმინალურ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები.

მოგვიანებით, „Fox News“-სთან ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ „სრულიად სასაცილოა“ ზოგიერთის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეერთებული შტატების არჩევნებზე გავლენა მოახდინა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ამერიკის შიდა პოლიტიკური ბრძოლის „მძევლად არ უნდა იქცეს“.

პუტინმა ასევე ბრალი დასდო დიდ ბრიტანეთს მოსკოვის წინააღმდეგ „დაუსაბუთებული ბრალდებების“ გაჟღერებისთვის, რომელიც სოლსბერიში ყოფილი საბჭოთა აგენტის, სერგეი სკრიპალის, მისი ქალიშვილის და მოგვიანებით კიდევ სხვა სამი პირის „ნოვიჩოკის“ ნერვის აგენტით მოწამვლას უკავშირდება. მოწამლულთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

სკრიპალების საქმეზე საუბრისას პუტინმა თქვა: „ჩვენ გვსურს მივიღოთ სულ მცირე რაიმე სახის დოკუმენტი, სამხილი ამის შესახებ, მაგრამ არავინ გვაძლევს ამას ჩვენ. ანალოგიური რამ ხდება ამერიკის არჩევნების პროცესზე ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებითაც“.

guardian.ge