ახალი ზელანდია, მსოფლიოს ახალი ამბები

40 ადამიანია მოკლული ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისას

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმებისას 40 ადამიანია მოკლული და 20-ზე მეტს სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული.

პრემიერ მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა მომხდარს „ტერორისტული აქტი”  და ქვეყნის ერთ-ერთი „ყველაზე შავბნელი დღე” უწოდა.

პოლიციის კომისარმა, მაიკ ბუშმა განაცხადა, რომ დაკავებულია სამი მამაკაცი და ერთი ქალი, თუმცა დაამატა, რომ დამნაშავეთა ქსელი, შესაძლოა, უფრო ფართო იყოს.

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ავსტრალიაში დაბადებული ავსტრალიის მოქალაქეა. მან თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღწერა, როგორც „ექსტრემისტული, ძალადობრივი, მემარჯვენე ფრთის ტერორისტი”.

პოლიციამ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საფრთხე კვლავ არსებობს“.

რა ვიცით ამ დროისთვის თავდასხმის შესახებ?

ამ დროისთვის კრაისტჩერჩში მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ვიცით:

მასობრვი სროლები იყო სულ მცირე ორ მეჩეთში – „მრავლობითი უბედურებით“.

ასაფეთქებელი მოწყობილობებია აღმოჩენილი პოლიციის მიერ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებაში.

მეჩეთებს უთხრეს, რომ ჩაკეტონ თავიანთი კარები, შემდგომი ცნობების გავრცელებამდე.

ახალი ზელანდიის მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ინტერნეტით მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსლიმებისა და უმცირესობების წინააღმდეგ სიძულვილია გამოხატული და მანვე თავდასხმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართო.

ავსტრალიაში მუსლიმებმა განცხადება გაავრცელეს და „მხეცური“ ქმედება „ისლამოფობიის პროდუქტად“ გამოაცხადეს.

„დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა არის ყველაზე მზარდი ისლამოფობიის და მუსლიმების მარგინალიზაციის პროდუქტი, რაც კი ოდესმე არსებულა“, აცხადებს ავსტრალიის მუსლიმთა ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი რატებ ჯნეიდი. იგი ამბობს, რომ ეს შემხსენებელია მედიისა და პოლიტიკოსებისთვის იმ „საშინელი შედეგების, სადამდეც სიძულვილის და დაყოფის ატმოსფერომ შეიძლება მიგვიყვანოს“.

ავსტრალიამ გამოაცხადა, რომ ახალ ზელანდიასთან კოორდინაციაშია. ქუინსლენდის პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და თავიანთ ახალ ზელანდიელ კოლეგებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

ახალი ზელნადიის პოლიციამ კრაისტჩერჩში სკოლების დახურვის შესახებ გამოცხადების შემდეგ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი.

„პოლიციას ახლა შეუძლია დაადასტუროს, რომ მთელ კრაისტჩერჩში სკოლების დახურვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ გვსურს დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ქალაქში პოლიციის დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს“, აღნიშნულია განცხადებაში.

guardian.ge