აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ.

ამის შესახებ კიმ ჩენ ინის და მუნ ჩჟე ინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა, მას შემდეგ რაც კიმმა, პირველმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა 1953 წელს კორეული ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა, სასაზღვრო დემილიტარიზებულ ზონაში, ფხანმუნჯომში მოლპარაკებები გამართეს.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ გადადგან ნაბიჯები 1953 წელს კორეული ომის დასრულების თაობაზე დადებული ზავის მიმდინარე წელს სამშვიდობო ხელშეკრულებით შეცვლასთან დაკავშირებით.

დეტალები, თუ როგორ შეიძლება იქნეს მიღწეული ფხენიანის ბირთვული განიარაღება მკაფიოდ არ გაჟღერებულა და ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკური რჩება ჩრდილოეთ კორეის ენთუზიაზმისა და ბირთვული განიარაღების მზადყოფნის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ 20 აპრილს კიმ ჩენ ინმა პარტიულ შეკრებაზე ნათლად გამაოცხადა, რომ „21 აპრილიდან, ჩრდილოეთ კორეა აჩერებს ბირთვულ გამოცდებს და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას“.

ქვეყნის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს KCNA-ის ცნობით, კიმმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგანაც მან მიაღწია თავის მიზანს, გამხდარიყო ბირთვული სახელმწიფო და შემდგომი გამოცდები აღარ არის საჭირო.

კიმმა 20 აპრილს შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება „დიდ გამარჯვებად“ უნდა იყოს აღქმული.

„იმდენად, რამდენადაც ბირთვული შეიარაღება სახეზეა, უკვე აღარ არის საჭირო უფრო მეტი ბირთვული თუ საშუალო და შორ მანძილზე მიმავალი რაკეტების ან კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გამოცდები. ჩრდილოეთის ბირთვული გამოცდის ადგილმა თავისი მისია დაასრულა,

„მთელმა პარტიამ და მთელმა სახელმწიფომ ახლა ფოკუისრება უნდა მოახდინოს ქვეყნის სოციალისტური ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის პარტიის ახალი სტრატეგიული პოლიტიკის ხაზი“, განაცხადა კიმ ჩენ ინმა და დაამატა:

„კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონში დათბობის ახალმა კლიმატმა და მშვიდობამ დაისადგურა და საერთაშორისო პოლიტიკურ ლანდშაფტში დრამატული ცვლილებები ხდება“.

სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, პირველი რაუნდისას კიმ ჩენ ინმა დაპირისპირების დასრულების მოწოდება გააკეთა, ხოლო მუნ ჩჟე ინმა ქვეყნებს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების წინადადება წარმოადგინა.

შეხვედრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი გამოხატა.

მუნ ჩჟე ინმა თავის კოლეგას „ჩვენი თავმჯდომარე კიმი“ უწოდა და განაცხადა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა მსოფლიო მშვიდობის სიმბოლო გახდა.

პირველი რაუნდი

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შესთავაზა უფრო ხშირად გამართონ შეხვედრები. „მოდით, ავაშენოთ სასურველი კარგი მსოფლიო“, თქვა კიმმა, როგორც ამას სამხრეთ კორეის მედია იუწყება. ამასთან, კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულზე კონფრონტაციის დასრულებისაკენ მოწოდებაც გააკეთა.

მუნ ჩჟე ინმა თავის მხრივ მის ჩრდილოკორეელ კოლეგას თავისი სურვილის შესახებ უთხრა, კორეელებისთვის წმინდა მთას, პეკტუსანს ეწვიოს, რომელიც ჩინეთის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა, მუნმა შესთავაზა კიმ ჩენ ინს, რომ სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკინიგზო ხაზები შეერთდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ჩქაროსნული მატარებლები დაიწყებენ მოძრაობას.

ისტორიული მოლაპარაკებები კი ძირითადად მაინც ფოკუსირებულია ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, რომლის შემდგომ განვითარებაზეც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოულოდნელად უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ „მისია შესრულებულია“ და ახლა პარტიის და ხელმძღვანელობის მთავარ საზრუნავად ეკონომიკის განვითარება უნდა იქცეს.

მრავალწლიანი დაძაბულობის ფონზე დღევანდელ შეხვედრას ისტორიულად განიხილავენ, თუმცა სეულმა ხუთშაბათს გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ფხენიანის მხრიდან მის ბირთვულ იარაღზე უარის საბოლოოდ თქმა და შეთანხმების მიღწევა „რთული“ იქნება, რადგანაც მხარეებს შორის ბოლოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა.

„რთული ნაწილია ის, თუ რა დონეზე შეძლებს ორი ლიდერი ბირთვული განიარაღების სურვილთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას“, განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ხუთშაბათს, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.

როგორია შეხვედრის დღის წესრიგი?

მუნი კიმს და მისი დელეგაციის 9 ოფიციალურ პირს საზღვარზე დახვდა. სამხრეთ კორეის საპატიო ყარაულმა ამის შემდეგ მიღების ცერემონიაზე მიაცილა ლიდერები პლაზა ფხანმუნჯომთან, სამხედრო კომპლექსში – ორი ქვეყნის დემილიტარიზებულ ზონაში.

მუნსა და კიმს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ფხანმუნჯომის „მშვიდობის სახლში“ ადგილობრივი დროით დილის 10:30 საათზე დაიწყო.

პირველი სესიის შემდეგ ლიდერები თავიანთ დელეგაციებთან ერთად დაცილნენ ერთმანეთს და ცალ-ცალკე ჰქონდათ ლანჩი. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ლანჩზე საზღვრის თავიანთ მხარეს გადავიდა.

შუადღის ცერემონიაზე მუნი და კიმი მარადმწვანე წიწვოვან ხეს დარგავენ და ამ პროცესში ორივე ქვეყნის მიწას და წყალს გამოიყენებენ, რითაც „მშვიდობისა და კეთილდღეობის“ სიმბოლიზებას მოახდენენ.

ხის დარგვის შემდეგ, ისინი ერთად მივლენ ფეხით პანმუნჯომში, სადაც მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შედგება.

სამიტი ლიდერების შეთანხმებაზე ხელმოწერით და ერთობლივი განცხადებების გაკეთებით დასრულდება. ბანკეტი კი სამხრეთ კორეის მხარეს გაიმართება.

ივნისის დასაწყისში კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა იგეგმება, თუმცა ჯერ უცნობია, თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა. ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი არ შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

ტრამპმა აპრილის შუა პერიოდში განაცხადა, რომ თუკი მისი დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ნაყოფიერი არ იქნება, იგი „დატოვებს“ მას.

ჩრდილოეთ კორეის 2017 წლის მთავარი სარაკეტო გამოცდები

ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა განახორციელა. ზოგიერთი გამოცდისას რაკეტები გაშვებიდან მალევე აფეთქდა, მაგრამ სხვებმა ასეულობით მილი გაიარეს, სანამ ზღვაში დაეშვებოდნენ. დაბლა ზოგიერთი მათგანის გაშვების შესახებ ინფორმაციაა მოცემული:

12 თებერვალი, 2017 წელი – საშუალო მანძილზე მიმავალი რაკეტა იქნა გაშვებული ჩრდილოეთ კორეის დაავლეთ სანაპიროსთან მდებარე ბანგიონის საჰაერო ბაზიდან. მან აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვის მიმართულებით, დაახლოებით 500კმ იფრინა.

4 ივლისი, 2017 წელი – ფხენიანის მტკიცებით, მან პირველად, წარმატებით გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ოფიციოზმა განაცხადა, რომ რაკეტამ 2,802 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და 39 წუთი იფრინა.

29 აგვისტო, 2017 წელი – ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე ბირთვული ქობინების გადამტანი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ფხენიანიდან გაშვებულმა ამ რაკეტამ დაახლოებით, 550კმ სიმაღლეს მიაღწია.

15 სექტემბერი, 2017 – ბალისტიკური რაკეტა უკვე მეორედ იქნა გაშვებული იაპონიის გასწვრივ და ის ზღვაში ჰოკაიდოს სანაპიროსთან დაეშვა. იგი დაახლოებით 770 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა და 3 700 კმ მანძილზე იფრინა.

29 ნოემბერი, 2017 წელი – ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეეძლო მისწვდენოდა მთელ კონტინენტურ ამერიკის შეერთებულ შტატებს. „ჰვასონგ-15“ იაპონიის წყლებში დაეშვა, მაგრამ ყველაზე მაღლა იფრინა რაც კი ოდესმე მანამდე გაშვებულ ჩრდილოკორეულ რაკეტებს უფრენიათ.

რა რაკეტები აქვს ჩრდილოეთ კორეას?

 (სავარაუდო მანძილი კილომეტრებში – (ათასი))

 (BBC-ის დიაგრამაზე მოცემული 6 რაკეტიდან – პირველი ოთხის გამოცდა უკვე მოხდა, ხოლო ბოლო ორი რაკეტა განვითარების გზაზეა).

GUARDIAN.GE