საქართველო

32-ე ბატალიონის მეოთხე ეტაპი ავღანეთში გაემგზავრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება. ამჯერად ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები  ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“  მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის  საავიაციო  ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. უახლოეს დღეებში როტაცია დასრულდება და  32-ე ბატალიონი უფლებამოსილებას მე-13 ბატალიონისგან სრულად გადაიბარებს. 

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი და ოთხთვიანი  ინტენსიური მომზადების ყველა სხვა ეტაპი საქართველოში გაიარა.  32-ე ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე  გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.