საქართველო

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა – საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი

31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღონისძიებები, რომელიც იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა, შემდეგია:

1. საქართველოს ფოსტა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით გამოსცემს მარკას;

2. განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად, 31 მარტს.

3. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები.

4. რეგიონული განვითარების სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავე დროს საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.