საქართველო

31-ე ბატალიონმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-4 როტაცია 31-ე ბატალიონმა წარმატებით დაასრულა. ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე GDRP-T-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის წვრთნის მეოთხე როტაციაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიმართა, სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წარმატება უსურვა.

ცერემონიალის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის მედლით „გიორგი კვინიტაძე“ მაიორი ჯონ პაულ ნავარო, უფროსი სერჟანტი ჯოშუა სილვერა და კაპიტნები ჯეფრი ფეიჯი და ალექს ბრაუნი დაჯილოდოვდნენ.

საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) ფარგლებში თავდაცვის ძალების 31-ე ბატალიონმა წვრთნა სამი თვის განმავლობაში გაიარა. სამხედრო მოსამსახურეებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ. (GDRP-T)-ის ფარგლებში მათ შისწავლეს მართვის პუნქტის ოპერაციების წარმოება, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, ასევე სწავლის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა ამოცანითი მართვის პრინციპებით მოქმედება.

საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) ფარგლებში სექტემბერში 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გადამზადება დაიწყება.