აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

3-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ კიმ ჩენ ინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ კვირების განმავლობაში უწყვეტი სპეკულაციების შემდეგ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ შაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანის ჩრილოეთ ნაწილში მინერალური სასუქების ქარხნის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რაც ქვეყნის სახელმწიფო მედიის მიერ 12 აპრილის შემდეგ პირველად გავრცელებული ინფორმაციაა უზენაესი ლიდერის გამოჩენის შესახებ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ KCNA -ზე დაყრდნობით იტყობინება, კიმმა ცერემონიაზე ლენტი გაჭრა, რასაც ღონისძიებაზე დამსწრეების მხრიდან „ურას“ (ვაშას) მქუხარე შეძახილები მოჰყვა უზენაესი ლიდერისადმი“.

ფოტოებზე აღბეჭდილი კიმი მომღიმარი სახითაა და ლენტის გაჭრის ცერემონიაზე თავის მრჩევლებს ესაუბრება და ქარხანას ათვალიერებს. ოფიციალური გაზეთის Rodong Sinmun -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების ნამდვილობის დადგენა შესაძლებელი არ არის.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას ასე უპასხუა: „მირჩევნია ჯერ ამაზე კომენტარი არ გავაკეთო. ჩვენ რაღაცას ვიტყვით ამის შესახებ შესაფერის დროს“.

გასულ კვირას, „ნიუ იორკ პოსტი“ იაპონურ ჟურნალზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ „ვეგეტატიურ მდგომარეობაში“ იყო. (მდგომარეობა, როცა პაციენტი კომიდან გამოდის, გაღვიძებულია, მაგრამ გონებაზე არ არის მოსული, გარემო გამღიზიანებლებზე და მოვლენებზე ადეკვატური რეაქცია არ გააჩნია).

ყოველკვირეულმა იაპონურმა „შუკან ჯენდაიმ“ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმის სამკურნალოდ გაგზავნილმა ჩინელმა ექიმმა მიიჩნია, რომ გულზე ოპერაციის მარტივმა პროცედურამ ლიდერი მძიმედ ავადმყოფი დატოვა.

როგორც ჩინელმა ექსპერტმა იაპონურ გამოცემას განუცხადა, კიმმა აპრილის პირველ ნახევარში ქალაქგარეთ ვიზიტისას მკერდზე წაივლო ხელი და მიწაზე დაეცა. მისმა თანმხლებმა ექიმმა მას ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია და გულის მუშაობის და სუნთქვის აღდგენა მოახერხა, რის შემდეგაც იგი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 36 წლის კიმს სტენტირება ესაჭიროებოდა.

ჰაშთაგი #KimJongUndead კიმჩენინიმკვდარია Twitter-ზე ვრცელდებოდა, მაგრამ ლიდერის სიკვდილი არ დადასტურებულა.

21 აპრილს, BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად არის ავად, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

პრესის სათაურების – კიმ ჩენ ინი „სერიოზულადაა ავად“, „ტვინი გათიშული აქვს“ ან „გამოჯანმრთელების გზაზეა ოპერაციის შემდეგ“ – დადგენა ყოველთვის შეუძლებელი იყო, მაგრამ სეულში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთიდან არ არის რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, რომელიც აჩვენებდა, რომ 36 წლის კიმ ჩენ ინი „სერიოზულად არის ავად“, წერდა BBC 21 აპრილს და განაგრძობდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიმის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჭორები ვრცელდება, თუმცა მოგვიანებით ეს არ დასტურდება ხოლმე.

როდის დაიწყო სპეკულაციები?

კიმ ჩენ ინი ახლახან, 15 აპრილს, თავისი ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას არ ესწრებოდა. ეს დღე ყველაზე დიდი მოვლენაა ქვეყანაში და კიმ ჩენ ინი ამ დრომდე არასდროს გამოკლებია ამ საზეიმო დღეს, რამაც სპეკულაციები და ჭორები წარმოშვა.

კიმი სახელმწიფო მედიით ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა.

სახელმწიფო მედიას ასევე არ უხსენებია მისი ყოფნა რაკეტის გამოცდაზე, რომელიც გასულ კვირას შედგა და ჩვეულებისამებრ ფხენიანის სარაკეტო გამოცდას კიმი ყოველთვის ესწრება-ხოლმე და ამის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება. ამჯერად კი, ასე არ მოხდა.

Huffington Post-ის თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია კიმ ჩენ ინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ცნობები და აშშ-ის დაზვერვასთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მთავრობას არ გააჩნდა მიზეზი დაესკვნა, რომ კიმი სერიოზულად იყო ავად ან საბოლოოდ არ შეეძლო კვლავ გამოჩენილიყო საზოგადოებაში.

GUARDIAN.GE