საქართველო

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო – გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

მინისტრმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი მიაღწევს სასურველ შედეგს და სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებს.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოში არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში უზრუნველყოფილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეულ აპლიკანტს აქვს თავისი ცოდნისა და უნარების გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა.

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.

წელს ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

მასწავლებლის გამოცდისათვის დარეგისტრირებულია 18 900-ზე მეტი აპლიკანტი.

2024 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის მსურველები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრობის კანდიდატები 17-18 ივლისს ჩააბარებენ.