ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბურიში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.

მეის თქმით, დიპლომატები, რომლებსაც ბრიტანეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ მიცემული, იდენტიფიცირებული არიან, როგორც „ფარული სადაზვერვო ოფიცრები“.

როგორც BBC იუწყება, მან ასევე გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა და განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი არ დაესწრება რუსეთში 2018 წლის „ფიფას“ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს.

რუსეთი უარყოფს რომ ჩართული იყო სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში.

ყოფილი საიდუმლო აგენტი, 66 წლის სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი, იულია სკრიპალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩებიან მას შემდეგ რაც 4 მარტს რუსული წარმოების ქიმიური ნივთირებით მოწამლული იპოვეს.

დეტექტივი ნიკ ბეილი ინციდენტზე პასუხის გაცემისას ასევე ავად გახდა და სერიოზულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება და სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

მოსკოვმა უარი განაცხადა ეთანამშრომლა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და მეის მიერ მიცემული ბოლო ვადა, შუაღამე ისე გავიდა, რომ რუსეთმა დაუნინგ სტრიტთან თანამშრომლობა არ ისურვა, რამაც მეის მკაცრი გადაწყვეტილების მიღება აიძულა და იმ ზომებს შორის რაც პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა არის:

23 დიპლომატის გაძევება, რომელთაც ერთი კვირა აქვთ ქვეყნის დასატოვებლად;

 გაზრდილი შემოწმებები კერძო ფრენებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე და ტვირთებზე;

 რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა იქ, სადაც არსებობს იმის სამხილები, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს დიდი ბრიტანეთის ეროვნების და მოქალაქეების სიცოცხლისა ან ქონების მოსპობისთვის;

მინისტრები და სამეფო ოჯახი ბოიკოტს გამოუცხადებენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში იმართება;

ყველა მაღალი დონის ორმხრივი კონტაქტების შეჩერებას დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის.

ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ რუსეთს არ წარმოუდგენია „ახსნა-განმარტებები“ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ნერვის აგენტი (ქიმიური ნივთიერება) დიდ ბრიტანეთში, სადაც მისი გამოყენება მოხდა და მოსკოვის პასუხი აღწერა, როგორც „სარკაზმი, აბუჩად აგდება და გამოწვევა“.

მეის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობით ერთდროულად გაძევება.