საქართველო

25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება

25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება.

„კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერნციაზე მომხსენებლები გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრებენ და წარმოადგენენ თავიანთ მეცნიერულ და პრაქტიკულ ხედვას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის თავისუფალი განვითარების და მისი სოციალიზაციის საკითხებს. ეს არ იქნება მარტო დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ იქნება კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოხდება მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს განათლების და მეცნიერული აზრის პრიორიტეტულობას, რომლის მიზანია ბიზნესის სოციალიზაცია საზოგადოებრივი პროგრესის მისაღწევად“, აცხადებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.