საქართველო

21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული  გადაწყვეტილებით,  21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც  მოსახლეობას ეცნობება. 

„აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები. ამ პერიოდიდან დღემდე  ბევრი ეფექტური ღონისძიება განხორციელდა, რომელიც ჩვენ  ეპიდემიის შეჩერებაში დაგვეხმარა. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იქ მყოფ ტურისტებს და ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა. მესტია არის იმის მაგალითი, თუ როგორ იბრძვის სახელმწიფო ეპიდემიის წინააღმდეგ”, – აღნიშნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს