საქართველო

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით, ანუ 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით); მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).

უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 212.2 ლარით, ანუ 10.1%-ით და 2 317.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 243.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით) და მშენებლობის (3 472.6 ლარი, გაიზარდა 17.7 პროცენტით) სფეროებში.

საანგარიშო პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 197.1 ლარით, ანუ 10.8%-ით გაიზარდა და 2 024.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.