საქართველო

2025 წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს – დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით [დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით] სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.