საქართველო

ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.