საქართველო

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი 43.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 75.6 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46.6 პროცენტით გაიზარდა და 885.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 210.4 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 94.8 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 94.6 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 271.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 160.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 76.5 მლნ. აშშ დოლარით.