საქართველო

2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.5% შეადგინა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.