საქართველო

2021 წლის ნოემბერში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელს, ზრდა 10.7 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.