მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპს ცნობილი „რესპუბლიკელები“ მხარს არ დაუჭერენ – The New York Times-ი

(GUARDIAN.GE) – 2016 წელს წამყვანი „რესპუბლიკელებისთვის“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დგომას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იგი მაინც ვერ გაიმარჯვებდა და კონსერვატიული მთავარი დღის წესრიგი საფრთხეში არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ 2020 წლის კამპანია განსხვავებულია. აღნიშნულ თემაზე სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს და ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება მისსავე პარტიაში პოლიტიკის პრიორიტეტების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, მაგრამ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ისინი ამას მოელოდნენ, ცნობილი „რესპუბლიკელების“ მზარდი რაოდენობა კამათობს იმის თაობაზე თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ იმის გამჟღავნებაში, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მის ხელახლა არჩევას – ან უფრო მეტიც, შესაძლოა მხარი ჯო ბაიდენს, „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატს დაუჭირონ.

მათ მოქმედებისთვის დრო მცირე აქვთ, რადგან გამოჩნდა საპროტესტო გამოსვლებისადმი ტრამპის წამქეზებლური პასუხი პოლიციის მხეცობაზე, იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის მწვერვალზე ტრამპის მიერ გატარებული ქმედებების წარუმატებლობა აშკარაა, როგორც ამას ის ადამიანები აცხადებენ, ვინც ამერიკულ გაზეთს ანონიმურობის დაცვისა და კერძო განხილვების გაუმჟღავნებლობის გარანტიის მიცემის პირობებში ესაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ დაბლიუ ბუში ტრამპის ხელახლა არჩევას მხარს არ დაუჭერს და მისი ძმა, ჯებ ბუში დარწმუნებული არ არის მისცემს თუ არა ხმას, წერს The New York Times-ი იმ ადამიანების მონათხრობის საფუძველზე, ვისთვისაც ცნობილია მათი მოსაზრებები. ტრამპს ასევე მხარს არ დაუჭერს იუტას შტატის სენატორი მით რომნი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, და სინდი მაკკეინი, გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკკეინის ქვრივი, რომელსაც თითქმის გადაწყვეტილი აქვს ჯო ბაიდენისადმი მხარდაჭერა, მაგრამ არ არის დარწმუნებული იმაში, თუ როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას ამის გამო, რადგან მის ერთ-ერთ ვაჟს თვალი თეთრ სახლზე უჭირავს.

სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში, კოლინ პაუელმა კვირას გამოაცხადა, რომ იგი ხმას ბაიდენს მისცემს. ვიეტნამის ომის მონაწილემ, გადამდგარმა 4-ვარსკვლავიანმა 83 წლის გენერალმა,„რესპუბლიკელმა“ პაუელმა, რომელმაც მანამდე ხმა ყოფილ პრეზიდენტს, ბარაქ ობამას და ასევე, 2016 წელს ჰილარი კლინტონს მისცა, განაცხადა, რომ იგი ახლოს დგას ბაიდენთან როგორც პოლიტიკურად, ისე სოციალურად და მასთან 35 წელიწადზე მეტი იმუშავა. „მე მას მივცემ ხმას“, თქვა პაუელმა.

არც ერთ ამ „რესპუბლიკელს“ არ მიუცია ხმა ტრამპისთვის 2016 წელს, მაგრამ მათ მიდგომას ახლა, როცა საუბარი მოქმედ პრეზიდენტზეა, გასხვავებული წონა ენიჭება.

ტრამპის მიმართ ოპოზიციური განწყობა „რესპუბლიკელებსა“ და სამხედრო ისტებლიშმენტს შორის უფრო და უფრო იკრებს ძალებს ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც მისმა ადმინისტრაციამ ქუჩებში გამოსული პროტესტანტების მიმართ ძალა გამოიყენა და თეთრი სახლის გარეთ ქუჩები ძალისმიერი გზით გაწმინდა. მისმა ქცევამ დაარწმუნა ზოგიერთი ლიდერი, რომ ისინი უკვე მდუმარენი არ იქნებიან.

ტრამპისადმი მძლავრი კრიტიკით გამოირჩევა თავდაცვის ყოფილი მდივანი, გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი, რომელმაც 2018 წლის დეკემბერში დატოვა პოსტი პრეზიდენტთან საგარეო პოლიტიკის კუთხით განსხვავებულობის, კერძოდ კი, ტრამპის სირიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყვანის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო. მატისმა რამდენიმე დღის წინ ტრამპს ბრალი ამერიკელი ხალხის დაყოფასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდო.

„ამ შემოდგომაზე, დროა ამ ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავდეს – რესპუბლიკელი, დემოკრატი თუ დამოუკიდებელი“, განაცხადა უილიამ მაკრავენმა, გადამდგარმა საზღვაო ძალების ადმირალმა, რომელმაც ის რეიდი წარმართა, რასაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოჰყვა. „პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ მას არ აქვს მთავარსარდლობისთვის საჭირო თვისებები“, თქვა მაკრავენმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიის სანაპირო მოკავშირეთა გადასხმის 76 წლისთავისადმი მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ომის ეპოქის ლიდერები ამერიკელებში აღმაფრენას იწვევდნენ „თავიანთი სიტყვებით, თავიანთი ქმედებებით და თავიანთი კაცთმოყვარეობით“. ამის საპირიპიროდ კი, თქვა მაკრავერმა, ტრამპმა თავისი ხელმძღვანელობის ტესტი ვერ ჩააბარა.

„მაშინ როცა ჩვენ კოვიდ პანდემიას და რასიზმისა და უსამართლობის საშინელ ქმედებებს ვებრძვით, ამ პრეზიდეტს არც ერთი ეს თვისება არ გამოუვლენია. ქვეყანას ესაჭიროება წავიდეს წინ მისი მმმართველობის სათავეში ყოფნის გარეშე“, განაცხადა მაკრავენმა.

აღსანიშნავია, რომ ალასკას „რესპუბლიკელი“ სენატორი ლიზა მურკოვსკიც ორჭოფობს იმის თაობაზე, მისცემს თუ არა ხმას, თავისივე პარტიის მოქმედ პრეზიდენტს.

თავად ბაიდენს კი, რომელიც ჯერ თავისი, „დემოკრატიული პარტიის“ შიგნით იკრებს ძალებს და გამარჯვების მოლოდინშია, განზრახული აქვს, რომ მოგვიანებით, საარჩევნო კამპანიისას გაშალოს თავისი კოალიცია – „რესპუბლიკელები ბაიდენისათვის“, როგორც ამას ამერიკული გამოცემა „დემოკრატებზე“ დაყრდნობით წერს.

მიუხედავად ამისა, 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერჯერობით ერთი რამ რჩება ფაქტად – ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „რესპუბლიკელების“ ერთი ნაწილისა და გადამდგარი სამხედრო ოფიცრების მხარდაჭერის გარეშე მოიგო.