საქართველო

2020 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2020 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 262.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა წინა წელთან შედარებით +10.0%). წინა წლების იანვარში მსგავსი მოცულობის ექსპორტი ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) მთლიანი ექსპორტის 67.4 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის იანვართან შედარებით 12.4 %-ით მეტია და 177.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ადგილობრივი ექსპორტის წილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანი ექსპორტის 80.4%-ს შეადგენს. წინა წლის იანვართან შედარებით კი 5%-ით არის გაზრდილი.

2020 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 882.5 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია. წინა წლის იანვართან შედარებით იმპორტის მატებამ 4.0%, ექსპორტის მატებამ კი 10.0% შეადგინა.

სავაჭრო დეფიციტი 0.2 მლნ აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 357.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის იანვარში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან გაიზარდა სპირტიანი სასმელების (+22.9%), ოქროს (+25.9%) , სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (+16.1%) , ძვირფასი ლითონის მადნების (წინა წელს არ განხორციელებულა ექსპორტი), აზოტოვანი სასუქების (+(31.5%) ექსპორტი.

ასევე, ფიქსირდება თხილის (+31.3%), სანელებლების (+93.4%), ციტრუსის (+83.1%), ქლიავის (+207%) ექსპორტის ზრდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ექსპორტის ჯამურმა მონაცემმაც რეკორდულ რაოდენობას – 3 765.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (12.2%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით).

რეკორდული იყო საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც.

2019 წელს იმპორტი 0.8 %-ით შემცირდა, სავაჭრო დეფიციტი კი 480.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.