საქართველო

2020 წლიდან სოციალურ მუშაკებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ასაკით პენსიონერების გარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის არსებული დახმარება 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან კიდევ 30 ლარით გაიზრდება.

“ასაკით პენსიონერებისთვის პენსიების ზრდასთან ერთად, გაიზრდება მოცულობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშებზე. კერძოდ, 1 იანვრიდან მოიმატებს 20 ლარით, ხოლო 1 ივლისიდან მათი პაკეტიც 30 ლარით გაიზრდება.

მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე, ვგეგმავთ სოციალური მუშაკებისთვის დანაპირები ხელფასების მატებას და ასევე, სასწრაფო ბრიგადების ექიმებისთვის ხელფასების მატებასაც”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ბიუჯეტში 65 მლნ ლარი გამოიყოფა, 2 500-მდე მოქალაქეს კი ბინები დაუკანონდებათ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია დევნილი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის ზრდა, მათთვის 65 მლნ ლარის მობილიზება გავითვალისწინეთ. იგეგმება ბინების დაკანონების პროექტი, რომელიც 2500 მოქალაქისთვის ითვალისწინებს ბინების დაკანონებას. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი ეფექტურობის გაზრდა და ხელმისაწვდომი მედიკამენტების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.