საქართველო

2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა

„წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2% -ია“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მშპ-ს საშუალო ზრდამ 4,4 პროცენტი, თებერვალში – 5,5 პროცენტი, ხოლო მარტში – 5,6 პროცენტი შეადგინა.

ზრდის მთავარ ფაქტორებზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა ძირითადად შემდეგ სფეროებში დაფიქსირდა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, უძრავი ქონება. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ.

2018 წლის მარტში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 786 ერთეულს გაუტოლდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის. კერძოდ, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან – მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით (125.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას, იანვარ-მარტში 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,463.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 28.2 პროცენტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესპანეთი (ზრდა 79%), გაერთიანებული სამეფო (53%), ნიდერლანდები (46%), გერმანია (27%), საფრანგეთი (24%) და სხვა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში (წინასწარი შეფასებით) მნიშვნელოვანი წილი საგარეო ვაჭრობაზე მოდის. მისი ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 740.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2,823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგარეო ბრუნვაზე ევროკავშირის ქვეყნებში. მისი თქმით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 209.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მლნ. აშშ დოლარი (26.4 პროცენტით მეტი).

„საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.3 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28.1; 27.7 და 28.2 პროცენტი), განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც. მათ შორის წმინდა ფულადი გზავნილების მაღალ მაჩვენებელზე. კერძოდ, მინისტრის ინფორმაციით, 15.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 110 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. „ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალი პოზიციები ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.