საქართველო

20:00 საათისთვის თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 41.23% შეადგინა

თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. მისი თქმით, არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებში მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 41.23%, რაც რაოდენობრივად 18 105 ამომრჩეველია. შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 34.27% იყო.

„ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რათა კანონშესაბამისად წარიმართოს და დროულად დასრულდეს ხმების დათვლა. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და ამასთან, უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აქვს სრული შესაძლებლობა დააკვირდეს მიმდინარე პროცედურებს. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმების დათვლას და შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი დაუყოვნებლივ მიეწოდება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც მყისიერად ატვირთავს მათ არჩევნების მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს სპეციალური ვებ-გვერდის www.results.cec.gov.ge საშუალებით და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ცესკოს ვებგვერდზე, facebook-სა და Youtube-ზე ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ დააკვირდეს ცესკოში შედეგების შეჯამების პროცესს.

ცესკო შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ.

„რაც შეეხება კენჭისყრის დღის საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 2 საჩივარია შესული. ასევე დაფიქსირდა ერთი პროცედურული ხარვეზი, კერძოდ №3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შეყვანილი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა რეგისტრაციის ადგილას. კომისიის წევრებმა გადასატანი ყუთი ამომრჩეველს მიუტანეს ყუთი იქ, სადაც ამომრჩეველი ფაქტობრივად იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა უბნის საზღვრებს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ფაქტის გამო, ყუთი დაილუქა გადაეგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიას, შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.