საქართველო

20 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

20 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 3 502 შემთხვევაა დადასტურებული. 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1 494-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.

„დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, ნცხეთა-მთიანეთი – 2, კახეთი – 1“, განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დაამატა, რომ 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43 პროცენტი შეადგინა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1 981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას – მხოლოდ კოვიდ-ცენტრებში 836 პაციენტია მოთავსებული, მათგან 80-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქად ფასდება.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკიდან ერთი პაციენტი სასტუმრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეზუგბაიას განცხადებით, შესაბამისად, ამჟამად ინფექციურში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტია.