მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

2 108 ადამიანი დაიღუპა ერთ დღე-ღამეში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან

ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც ერთ დღე-ღამეში კორონავირუსისგან 2,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში ვირუსით 2,108 პაციენტი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამერიკა მალე სიკვდილიანობის მიხედვით გადაუსწრებს იტალიას, სადაც ამ დრომდე კორონავირუსმა ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთო ჯამში კორონავირუსს 18,693 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 500,399 შეადგინა. გარდაცვალებულთა დაახლოებით ნახევარი ნიუ იორკის შტატზე მოდის, სადაც ვირუსით დაღუპულების ერთ ნაწილს საერთო, გრძელ თხრილში მარხავენ, როგორც ეს დრონით გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს. პარასკევს, პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მან ნახა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს უამრავი კუბო და ნიუ იორკის კუნძულზე მდებარე მასობრივ სასაფლაოზე მკვდრების დამარხვის პროცესი.

აშშ-ის ოფიციოზის თქმით, ნიუ იორკის კუნძული ჰარტი150 წელიწადზე მეტია, რომელიც იმ ადამიანების დასამარხ ადგილად გამოიყენება, რომელთაც ნათესავი ან დამმარხავი არ დარჩათ, მაგრამ ახლა იქ, ჩვეულებრივი დღეებისაგან განსხვავებით, 5-ჯერ მეტი რაოდენობის ადამიანს მარხავენ.

თეთრი სახლის „კოვიდ-19“ გავრცელების წინააღმდეგ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელმა, დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ კარგი ნიშნებია იმისა, რომ აფეთქების სტაბილიზება ხდება, მაგრამ სიფრთხილით აღნიშნა, რომ „პიკი ჯერ არ დამდგარა“.  ექსპერტები პიკის დადგომას პარასკევისთვის მოელიან, რის შემდეგაც მათი მოლოდინებით, ფატალური შემთხვევების კლებას უნდა ჰქონდეს ადგილი.

ამ  ფონზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანების გადარჩენის მხრივ „უზარმაზარ პროგრესს“ ხედავს. „ჩვენ ვუყურებთ მკაფიო ნიშნებს იმისა, რომ ჩვენი აგრესიული სტრატეგია უთვალავ სიცოცხლეს იცავს“, თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის არსებული რაოდენობა „საშინელებაა“, თუმცა დაამატა: „ჩვენ ვიცავთ უამრავ სიცოცხლეს, იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ჩანს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 100,000-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. ეს იმაზე გაცილებით ნაკლებია, რაც ჩვენ თავდაპირველად ვთქვით და რაზეც ვფიქრობდით. ითქვა, რომ მსხვერპლი მინიმუმ 100,000 – 200,000-ს შორის იქნებოდა და 2.2 მილიონამდეც კი, თუკი ჩვენ არაფერს გავაკეთებდით“.

ტრამპის განცხადებით, ამერიკაში უკვე 2 მილიონზე მეტი ტესტირება არის ჩატარებული და ყოველდღიურად 100,000-ზე მეტი ტესტი ტარდება. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ „კარგ ფორმაშია“  ხელოვნური სასუნთქი აპარატურებისა და დამცავი ტანსაცმლის მხრივ და ახლა გუბერნატორებისაგან ზარებს აღარ ან იშვიათად იღებენ, რადგან ისინი კარგ ფორმაში ხვდებიან იმ პიკს, რომელიც ახლოვდება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა, სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი იტალიაშია დაფიქსირებული (18,849), რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი მოყვება.

საკმაოდ იზრდება მსხვერპლის რაოდენობა საფრანგეთში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში 980 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 8,958 შეადგინა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი  გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მსოფლიოს კორონავირუსის უფრო მძლავრი აფეთქება მოელის, თუკი სოციალური დისტანცირების შეზღუდვები მეტისმეტად სწრაფად მოიხსნება. ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ეფექტური სტრატეგიით იმოქმედონ და თანდათანობით და უსაფრთხოდ შეამსუბუქონ შეზღუდვები.

GUARDIAN.GE