საქართველო

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დიდ დიღომში კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-ამდე გაიზარდა მას შემდეგ რაც სულ ცოტა ხნის წინ „იმედის“ კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაყავნილი 4 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, 4 წლის ბავშვის გარდა დაღუპულია სამი ზრდასრული ადამიანი. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა თემურ კუპატაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.

„კორპუსი უკვე მთლიანად ევაკუირებულია. ამ დროისთვის არავის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ერთი ადამიანი იყო ნანგრევებში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა“, უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანები, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული, მათგან ორის ჯანმრთელობის  მდგომარეობა მსუბუქია, ერთის კი საშუალო სიმძიმის. გარდა ამისა, კიდევ ერთი მოზარდი ღუდუშაურის კლინიკაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა “საყურადღებოა”.

აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მოხდა. კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, დღის განმავლობაში საცხოვრებელ კორპუსში დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა კომპანიის თანამშრომლებმა საშიში ვერაფერი შენიშნეს და უკან გაბრუნდნენ. რამდენიმე საათში კი კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა.

უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

guardian.ge