საქართველო

15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა 10 დღით იკრძალება, საგანგებო მდგომარეობა კი 10 მაისამდე გაგრძელდება

სამწუხაროდ, ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება როდის იქნება გავრცელების პიკი, ამიტომ მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 15 აპრილიდან, 21 საათიდან, 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეიბის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე, 10 მაისამდე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც მისი გეოგრაფიული გავრცელების, ასევე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. მე მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ. ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ“, აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად არის გადასადგმელი იმისათვის, რომ მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან მოხდეს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა.

„ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშავოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით და ეს არის ობიექტური რეალობა“, განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციასთან პროგრამის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები დასრულდა, „რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია“.

„გარდა ამისა, მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებთანაც პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით, ამ დონორების მხრიდან, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, ინექციის სახით შემოსული იქნება 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი, ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც ამ დონორ ორგანიზაციებთან შევთანხმდით პირველადი შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს ინექციები განხორციელდება წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით. ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომელიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო, ასევე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ გარდა საბიუჯეტო სფეროს დაფინანსებისა, ქართულ ბიზნესს, საბანკო სექტორს ასევე შეეძლება მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის ათვისება და ეს სამკვირიანი მძიმე მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.

GUARDIAN.GE