საქართველო

„S&P-ის და „ფიტჩ“-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგების უცვლელად დატოვება არის ინდიკატორი, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარდ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ.

მინისტრის თქმით, „S&P“მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა სტაბილური და ეს მაშინ, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას.

„S&P-ის, მანამდე კიდევ ერთი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის „Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვა იმის ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ ძალიან დაბალი, მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა არის გადახდისუნარიანი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის სწორი, ეფექტური და დაბალანსებული. დაბალანსებული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი ოქროს შუალედი ანტიპანდემიურ შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე პერსპექტივები არის პოზიტიური“, – თქვა ნათელა თურნავამ.