საქართველო

12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ – იმედის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის მიერ წარდგენილ ცვლილებებს მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა.

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.

მთავრობის განცხადებით, ორი ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.

„საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად, ეროვნულ დღესასწაულს წარმოადგენს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას – იმედის დღე“, აღნიშნავენ მთავრობაში.