საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 208-ით გაიზარდა და ის 6 327-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 7-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 85-ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში -16, გურიასა და შიდა ქართლში -7-7, ქვემო ქართლში -ოთხი, კახეთში- სამი, სამცხე ჯავახეთში – ორი, მცხეთა მთიანეთში – ერთი“, განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ენდელაძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს.
„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის. შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის“, განაცხადა ენდელაძემ.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ, თუმცა თანმხლები დაავადების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ინფიცირების შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის ლეტალური იქნება.
„ჩვენ ყველა გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები. რა თქმა უნდა, მაგრამ 11 794 პაციენტიდან, გარდაცვლილების გარდა სხვებსაც ჰქონდათ თანხმლები დაავადებები. თანხმლები დაავადებები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება გარდაცვალება, გააჩნია თანხმლები დაავადების სიმძიმეს, მიმართვას, როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს და ა.შ. ამდენად, ამ მხრივ არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, რომ თანმხლები დაავადება აქვს და ის აუცილებლად გარდაიცვლება, თუმცა ძალიან გვჭირდება სიფრთხილე“, განაცხადა მარინა ენდელაძემ.