მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრუდო შეთანხმდნენ, რომ აშშ-კანადის საზღვარი დაიკეტოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-კანადის საზღვარი არასაჭირო მოგზაურობებისთვის დაიკეტოს.

„ჩვენ, ორმხრივი შეთანხმებით, დროებით ვკეტავთ ჩვენ ჩრდილოეთ საზღვარს კანადასთან“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

მან აღნიშნა, რომ ეს ვაჭრობაზე გავლენას არ მოახდენს.

კანადა თავისი ექსპორტის დაახლოებით 75%-ით ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებიდან და ასევე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკიდან მოქალაქეების ამერიკაში შესვლა, გარდა აშშ-ის მოქალაქეებისა.

ახალი კორონავირუსი ახლა უკვე ამერიკის ყველა, 50-ვე შტატში გავრცელდა. სამშაბათს პირველი შემთხვევა დაადასტურა დასავლეთ ვირჯინიამ. შტატის გუბერნატორმა ჯიმ ჯასტისმა თქვა: „ვიცოდით, რომ ეს მოგვაკითხავდა“. შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 6 300 შეადგინა, დაღუპულია 108 ადამიანი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 200 000 შემთხვევა ფიქსირდება და თითქმის 8 000 ადამიანია გარდაცვლილი.

სამშაბათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით იტალიაში უკვე 2 503 ადამიანი გარდაიცვალა, ირანში 1 000, ესპანეთში 491, საფრანგეთში 148 – უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსის გავლენის შესამსუბუქებლად 1 ტრილიონი სტიმულირების პაკეტის შეთავაზების გეგმის მომზადებას აპირებს. როგორც BBC  იუწყება, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა გავრცელებული ცნობით, სამშაბათ საღამოს კერძო შეხვედრაზე გააფრთხილა „რესპუბლიკელი“ სენატორები, რომ თუკი კონგრესი არ დაამტკიცებს ამ გეგმას, ამერიკაში უმუშევრობის დონემ შესაძლოა 20%-ს მიაღწიოს. უმუშევრობის აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი კი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე დიდი რეცესიის დროს იყო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ვირუსისაგან დაზარალებულ ზონებში არმია ჩართოს, საველე პირობებში საავადმყოფოების მოსაწყობად.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პენსმა თქვა, რომ არმიის საინჟინრო კორპუსს შესაძლოა ეთხოვოს საველე ჰოსპიტლების მოწყობა, რომელიც ცნობილია როგორც MASH-ის (არმიის მობილური ოპერატიული ჰოსპიტალი) ქვედანაყოფი ან გაფართოვდეს არსებული საავადმყოფოები.

პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები 5 მილიონ სასუნთქ ნიღაბსა და 2 000-ამდე სასუნთქ აპარატს გახდის ჯანდაცვის დეპარტამენტისათვის ხელმისაწვდომს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები კორონავირუსის ტესტირების 14 სერტიფიცირებულ ლაბორატორიას გახსნის არასამხედრო პირების შესამოწმებლად.

პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა, რომელიც ნოემბერში მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას, სამშაბათ საღამოს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეერთებული შტატების შიდა ტერიტორიაზე მოგზაურობების შეზღუდვები განსახილველად მაგიდაზე დევს. „შენ შეიძლება რომ ეროვნული დახურვა გამოაცხადა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ეს არ დაგვჭირდება. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია“, განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე „თვითერზე“ გამოქვეყნებული თავისი განცხადება, სადაც ახალ კორონივურსს „ჩინური ვირუსი“ უწოდა, დაიცვა და კრიტიკოსების საპასუხოდ, რომელთაც ეს რასისტულად გამოაცხადეს, აღნიშნა: „ის ნამდვილად ჩინეთიდან შემოვიდა“.

ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თეთრ სახლში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს „ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც“.

GUARDIAN.GE