აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

1 200-ს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ ინდონეზიაში

ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 200-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ქვეყნის ეროვნული კატასტროფის პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით.

ინდონეზიის ქალაქ პალუში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მეწყერისგან ჩამარხული ეკლესიის ნანგრევებში, რამდენიმე საათის წინ 34 ინდონეზიელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგულად იყო გამოცხადებული 86 სტუდენტი. ამჟამად, კი 52 სტუდენტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მომაცემებით 844-ს შეადგენდა, თუმცა მოელოდნენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდებოდა, რადგან ბევრი ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად.

დანგრეულია ათასობით სახლი, ასევე საავადმყოფოები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები. როგორც BBC იუწყება, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დაღუპულების მასობრივად დასაფლავებას იწყებენ, რადგან დაავადების გავრცელებას შიშობენ.

ყველაზე მეტად ქალაქი პალუ დაზარალდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ათეულობით ადამიანია ცოცხლად მოყოლილი.

„კომუნიკაცია შეზღუდულია, მძიმე ტექნიკა შეზღუდულია… ეს არ არის საკმარისი იმ რაოდენობის შენობებისთვის, რომლებიც ჩამოიქცა“, განაცხადა ეროვნული კატასტროფის პრევენციის სააგენტოს წარმომადგენელმა, სუტოპო პურვო ნუგროჰომ.

7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ პარასკევს ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, იყო თუ არა ეს საფრთხე მოხსნილი იმ დროს, როცა 6 მეტრის სიმაღლის ტალღებმა ქალაქ პალუს სანაპირო ზოლს გადაუარეს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ყვირის ხალხი, როცა სანაპიროს, სადაც ზეიმი იყო დაგეგმილი, 6 მეტრის სიმაღლის ტალღებმა გადაუარა და მიწისაგან პირისა აღგავა ყველაფერი.

უბედურების ზონად გამოცხადებულ რეგიონს ქვეყნის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო ესტუმრა და დაჟინებით მოუწოდა სამაშველო სამსახურებს „დღე და ღამე“ გასწიონ ძალისხმევა, რათა ნანგრევებიდან ამოიყვანონ გადარჩენილები.

ინდონეზიის იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ 1 200 მსჯავრდებული გაიქცა სამი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სულავესის რეგიონში, მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ.

guardian.ge