მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებამდე მხოლოდ 6 ხმა აკლია

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მსხვილ შტატში, მიჩიგანში და ასევე ვისკონსინში გამარჯვება მოიპოვა და როგორც ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, საარჩევნო კოლეგიაში უკვე მისი ხმების რაოდენობა 264-ს შეადგენს, გამარჯვებისთვის საჭირო სულ მცირე 270 ხმის მოსაპოვებლად  კი მას დამატებით მხოლოდ 6 ხმის მიღება სჭირდება.

„რესპუბლიკელი“ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონკურენტს 50 ხმით ჩამორჩება და ამ დროისთვის 214 ხმა აქვს.

ჯო ბაიდენი: საარჩევნო კოლეგიაში 264 ხმა, ქვეყნის მასშტაბით 50.4% 72,071,454 ხმა

დონალდ ტრამპი: საარჩევნო კოლეგიაში 214 ხმა, ქვეყნის მასშტაბით 48% – 68,598,918 ხმა

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა ბოლო 120 წლის განმავლობაში რეკორდულია და 66.9%-ს შეადგენს.

ბოლო 120 წლის განმავლობაში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი – 73.7% – 1900 წელს მივიდა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა პოპულარული, პირდაპირი გზით მიღებული ამომრჩევლების ხმები, არამედ 538-კაციან საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა განაპირობებს.  

შესაძლებელია, რომ კანდიდატმა საარჩევნო კოლეგია მოიგოს, მაგრამ წააგოს პოპულარული ხმები. ასეთი რამ მოხდა 2016 წელს, 2000 წელს და 1800-იან წლებში სამჯერ.

იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმებს საარჩევნო კოლეგიაში, კენჭისყრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინაცვლებს. კონგრესმენები პრეზიდენტს სამი წამყვანი კანდიდატიდან ირჩევენ. ვიცე-პრეზიდენტს კი სენატი ირჩევს – ორი კანდიდატიდან.

ასეთი რამ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1824 წელს, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტად ჯონ ქუინზი ადამსი აირჩია.

ჯერჯერობით, საარჩევნო კოლეგიის ხმები ყველა შტატში არ არის დათვლილი და აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში გამარჯვებულის ვინაობის დასახელება ნაადრევია, მაგრამ ამ დროის მონაცემებით ჩანს, რომ ბაიდენს გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

GUARDIAN.GE