ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენი: „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ უწოდა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ძალის გამოყენებით, უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის წაღება სურს. „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“, – განაცხადა ბაიდენმა, პუტინის მიერ დონბასის რეგიონში ჯარების გაგზავნის შესახებ კომენტირებისას.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ მან აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების დამატებითი გადაადგილება დაუშვა. მისი განცხადებით, ძალები და აღჭურვილობა – რომელიც ახლა ევროპააშია – ბალტიის ქვეყნებში, ესტონეთსი, ლიტვასა და ლატვიაში გაიგზავნება. „ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოძრაობებია. ჩვენ არ გვაქვს განზრახული რუსეთთან ბრძოლა“, – აღნიშნა მან.

ბაიდენმა დასძინა, რომ განლაგება მიზნად ისახავს შეტყობინების გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს ნატოს ტერიტორიას და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გერმანიასთან იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენმა „წინ არ წაიწიოს“. მან სხვა სანქციებზეც ისაუბრა.

ბაიდენმა სანქციების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებისგან იქნება მოწყვეტილი. „იგი ვეღარ მოიზიდავს ფულს დასავლეთიდან“, – თქვა მან და დაამატა, რომ აშშ განაგრძობს „სანქციების ესკალაციას“, თუკი რუსეთი განაგრძობს თავისი ქმედებების ესკალაციას უკრაინაში.

ბაიდენის თქმით, ახლა ორი ფინანსური ინსტიტუტი – „VEB“-ი და „რუსეთის სამხედრო ბანკი“ დგას სანქცირების წინაშე და შემდგომი სანქციების დაწესებას უნდა ველოდეთ რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ.

ბაიდენმა თეთრ სახლში განცხადების გაკეთების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

პუტინმა მინსკის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან თავისი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელოს, იტყობინება მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, ევაკუაციის პროცესი „ძალიან ახლო მომავალში“ დაიწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი კანონმდებლებს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნებართვის მიღებაზე თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს კი პუტინს ოფიციალურად რთავს ნებას გააგზავნოს ჯარები უკრაინის დონბასის რეგიონში და სხვაგანაც.

პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა იქნებოდა და მოუწოდა უკრაინას განიარაღდეს, რადგან „კბილებამდე შეიარაღებული უკრაინა“ ანტი-რუსული და მიუღებელია. მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის მსგავს სახელმწიფოებს ალიანსის წევრობის უფლება აქვთ.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმება მანამდე გაცილებით ადრე იქცა მკვდრადშობილად, ვიდრე რუსეთი გადადგამდა აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის – დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ნაბიჯს. მისი თქმით, მინსკის შეთანხმება უკვე აღარ არსებობს.

ამასობაში კი, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას. მან მოუწოდა მოსკოვს უკან დაიხიოს: „არასდროს არ არის გვიან, არ დაესხა თავს“.

BBC-ის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების ცვალებადი მდგომარეობის პირობებში ახლა თავის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს „საბრძოლო ჯგუფების“ განლაგებას სხვადასხვა ადგილას, მათ შორის რუმინეთში.

„ნატომ უნდა უპასუხოს, როცა ვუყურებთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ მცდელობებს დიალოგისთვის, რომ მოვახდინოთ დეესკალაცია და გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ უნგრეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ – 137 კილომეტრის გაყოლებაზე – ჯარებს განალაგებს, რაც უკავშირდება შიშს, რომ თუკი რუსეთთან კრიზისი გამწვავდება, ქვეყანას შესაძლოა ლტოლვილების დიდი ნაკადი მიაწყდეს. ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ტიბორ ბენკომ განაცხადა.

ამის საპირისპიროდ, რუმინეთმა, რომელიც ორივეს, უნგრეთის და უკრაინის მეზობელია, განაცხადა, რომ ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტ ლტოლვილს მიიღებს, თუკი უკრაინაში კრიზისი გაუარესდება.

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ გამოაცხადა. ეს ბანკებია: „რასია“, „IS ბანკი“, „ჯენერალ ბანკი“, პრომსვიაზბანკი“ და „ბლექ სი ბანკი“. პრემიერ-მინისტრმა ასევე სანქციები დაუწესა სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო შესაძლებლობამდე განაგრძობს მცდელობას საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს, მაგრამ არ უნდა იქნას გამორიცხული, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის უფრო შორს წავიდეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერის“ გარანტიები მისცა.

ჯონსონის განცხადებამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება.

რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ განცხადების გაკეთებამდეც დასავლური მედია წერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანქცია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენს შეეხებოდა. ამ თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი 1225 კმ-ის მილსადენი, რომელიც გამიზნულია რუსეთის ბუნებრივი გაზის გერმანიაში ექსპორტის გაორმაგებისთვის, დაიხურებოდა, თუ რუსული ჯარები შეიჭრებოდნენ უკრაინაში. „გპირდებით, რომ ამას შევძლებთ“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს, თუმცა მაშინ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმავე პრესკონფერენციაზე უფრო ორაზროვანი იყო.

არსებული გეგმის თანახმად, გაზსადენის ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსეთს ევროპის 26 მილიონი მობინადრისთვის უფრო იაფად უნდა მიეწოდებინა ბუნებრივი აირი. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა აშშ და დიდი ბრიტანეთი და მიიჩნევდა, რომ ეს ევროპას უფრო დამოკიდებულს გახდიდა რუსეთზე, უკრაინა კი ამას „სახიფათო პოლიტიკურ იარაღს“ უწოდებდა.

უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები

კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.

რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების ეგიდით უნდა განლაგდნენ.

ორშაბათს, სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ უკრაინას არ აქვს ისტორია, იყოს ნამდვილი სახელმწიფო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის ტერიტორიის ერთიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა და უკრაინის საზღვრები დარჩება ისე, როგორც ეს დღესაა, იმის მიუხედავად, თუ რა განცხადებები კეთდება რუსეთში.

მოსკოვის განცხადებით, აჯანყებულების მიერ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინიდან 60 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში დარჩენილი დიპლომატები „უსაფრთხოების მიზეზით“ პოლონეთში გადაჰყავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში გადასული დიპლომატები უსაფრთხოები მიზნით, ღამეს პოლონეთში გაათევენ.

ათასობით რუსი ჯარისკაცი რჩება ბელარუსში ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ოფიციალურმა მინსკმა წვრთნების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, რაც მის დასავლეთ საზღვართან სამხედრო ქმედებების გაზრდით ახსნა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ჯარების პირვანდელ დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიყვანს თუ არა ნატოს სამხედრო ალიანსი თავის ჯარებს, რომლებიც ბელარუსის და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არიან დაბანაკებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ხუთშაბათს, ჟენევაში იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდება.

მოსკოვს სურს დასავლეთის მყარი გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და არასდროს მიეცემა უკრაინას და სხვა ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საშუალება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, აღმოსავლეთ უკრაინაში „სამშვიდობო ძალების“ განლაგების თაობაზე, „სისულელე“ უწოდა. უფრო ადრე, ანალოგიური სიტყვით – „სისულელე“ – შეაფასა რუსეთის გადაწყვეტილება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებაზე, დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება – აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყებულების მიერ 2014 წელს დაკავებული ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე და გააფრთხილა მოსკოვი, რომ შედეგები უკიდურესად საზარელი იქნება როგორც უკრაინაში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

უკრაინამ შესაძლოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი განიხილავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა თავის ევროპელ მოკავშირეებს არ დაელოდონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა უარყო, მაგრამ თქვა, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუკი ეს მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი „დაუყოვნებელი სანქციებით“ უნდა დაისაჯოს უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო და ეს უნდა მოიცავდეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სრულ შეჩერებას.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკარინაში სეპარატისტული რეჟიმების აღიარება წარმაოდგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპული სახელმწიფოებისთვის.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ან ნატოს წევრი, მაგრამ თუკი ჩვენ სრულმასშტაბიანი ესკალაცია გვექნება, სრულმასშტაბიანი შემოჭრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი მეზობლები რისკის ქვეშ მოექცევიან… მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი“, – განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ არც მას და არც უკრაინელ ხალხს არ უნდა ომი და მშვიდობა სურს, მაგრამ „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აგრესიის ნებისმიერი ნაბიჯისთვის“.

guardian.ge