მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯონ ბოლტონი თავის ახალ წიგნში აცხადებს, რომ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას ხელახლა არჩევნებში დახმარებოდა, აცხადებს ახალ წიგნში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი. მისი თქმით, ტრამპს უნდოდა, რომ ჩინეთს ამერიკელი ფერმერების წარმოებული სასოფლო-სამეურენო პროდუქცია შეეძინა, როგორც ამას აშშ-ის მედია წერს, რომელსაც გასაყიდად გამოტანილი წიგნის დეტალები აქვს განხილული.

ბოლტონი თავის წიგნში ასევე ამბობს, რომ ტრამპი „განსაცვიფრებლად არაინფორმირებული რჩებოდა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა ემართა თეთრი სახლი“.  

ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ დაბლოკოს წიგნი და ის გასაყიდ თაროებზე არ მოხვდეს.

შესაძლოა თუ არა რომ გამოცემა შეფერხდეს?

ბოლტონის 577-გვერდიანი ტომი, „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ (The Room Where It Happened), წიგნის მაღაზიებში გასაყიდად 23 ივნისს უნდა გამოჩნდეს, მაგრამ ოთხშაბათ ღამით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შეეცადა საგანგებო ბრძანება გამოეცა მოსამართლეს წიგნის გამოქვეყნების შესაჩერებლად.

გამომცემელმა, „Simon & Schuster“-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობის ეს მცდელობა „არასერიოზული და პოლიტიკურად მოტივირებულია“. გამოცემის თქმით, წიგნის ათასობით ეგზემპლარი უკვე გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და სასამართლოს აკრძალვა ვერაფერს მიაღწევს.

ამასობაში, ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ პროგრამაში დარეკა და ბოლტონის შესახებ განაცხადა: „მან დაარღვია კანონი. ეს უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციაა და მას არ ჰქონდა ვიზირება“.

„ის წყალწაღებული კაცი იყო“, დაამატა პრეზიდენტმა. „მე მივეცი მას შანსი“.

საგარეო პოლიტიკის ქორი თეთრ სახლს 2018 წლის აპრილში შეუერთდა და მომდევნო წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ტოვებდა პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ მან გაათავისუფლა ბოლტონი პოსტიდან, ვინაიდან „ძლიერ“ არ ეთანხმებოდა მას.

რას აცხადებს ბოლტონი პრეზიდენტ ტრამპის სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ?

ბრალდებები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის, ოსაკაში, იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გასული წლის ივნისში გამართულ შეხვედრას ეხება. სი ძინპინმა დაიჩივლა, რომ ჩინეთის ზოგიერთი ამერიკელი კრიტიკოსი ახალი ცივი ომისკენ მოუწოდებს, ამბობს ბოლტონი თავის წიგნში, რომლის ნაწყვეტსაც „The New York Times“-ი აქვეყნებს.  ბოლტონის თქმით, ტრამპმა ივარაუდა, რომ სი ძინპინი მის „დემოკრატ“ ოპონენტებს გულისხმობდა.   

„ტრამპმა, განსაცვიფრებლად, საუბარი მომავალ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაიტანა, ნართაულად გადაჰკრა სიტყვა ჩინეთის ეკონომიკურ შესაძლებლობაზე და თხოვნით მიმართა სის, რომ მიეცა გარანტია, რომ ის გაიმარჯვებდა“, წერს ბოლტონი თავის წიგნში და განაგრძობს: „მან ხაზი გაუსვა ფერმერების მნიშვნელობას და სოიოს და ხორბლის ჩინეთის მზარდ შესყიდვას საარჩევნო შედეგის თვალსაზრისით“.

როდესაც სი ძინპინი დათანხმდა, რომ ფერმერული პროდუქტების შესახებ განხილვებს სავაჭრო მოლაპარაკებებზე პრიორიტეტულად გახდიდა, ტრამპმა მას „ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ლიდერი უწოდა“.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, რობერტ ლიგტიზერმა ბოლტონის განცხადება ეჭვქვეშ დააყენა და ოთხშაბათ საღამოს განაცხადა, რომ ხელახლა არჩევის თხოვნას „არასოდეს ჰქონია ადგილი“.  

ბოლტონი ასევე ამტკიცებს, რომ როცა სი ძინპინმა ტრამპს გასულ წელს უთხრა, რომ ჩინეთი იუგური მუსლიმების მასობრივი დაპატიმრებისთვის საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებდა, ტრამპმა სის უთხრა, რომ მან უნდა ააშენოს ბანაკები, „რომელიც მისი აზრით, ზუსტადაც რომ მართებული რამ იყო რომ გაეკეთებინა“.

ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის „დემოკრატმა“ კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა წიგნის შესახებ კომენტირებისას, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: „თუკი აღნიშნული განცხადებები სიმართლეა, ეს არა მხოლოდ მორალურად არის გულისამრევი, არამედ დონალდ ტრამპის ამერიკელი ხალხისადმი წმინდა სამსახურებრივი ვალდებულების შებღალვაა“.

GUARDIAN.GE