მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა

GUARDIAN.GE – ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ კამალა ჰარისი, ხოლო საარჩევნო კამპანიის მენეჯერი თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯული ჩავეს როდრიგესი, „დემოკრატების“ დიდი ხნის განმავლობაში გვერდში მდგომი კადრი იქნება.

2020 არჩევნებში ბაიდენი 78 წლის ასაკაში, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდა. ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პრაიმერის არჩევნებში დამარცხებულიყო და ამჯერადაც არ არის მოსალოდნელი ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ბაიდენს ბრძოლა მოუწევს „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატთან, რომელიც არ არის გამორიცხული, ისევ თავისი ძველი მეტოქე, დონალდ ტრამპი იყოს, თუკი მას საერთოდ მიეცა კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეების აღძვრის გამო.

ტრამპმა უფრო ადრე გამოაცხადა თავისი ამბიციის შესახებ, კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად.