ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ჯოზეფ ბაიდენი: პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მტკიცედ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“, მაგრამ თეთრმა სახლმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს არ იყო რეჟიმის შეცვლისკენ მოწოდება. „ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბაიდენმა ვარშავის სამეფო ციხესიმაგრეში წარმოთქმული სიტყვის ბოლოს.

ბაიდენმა პუტინს ასევე „ყასაბი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა „დაახრჩო დემოკრატია“ უკრაინაში შეჭრისას და გააფრთხილა პუტინი, რომ „არც იფიქროს ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შესვლაზეც კი“.

„პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლების გამოყენება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლას“, – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ სიტყვები – პუტინი „არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“ – არ იყო მომზადებულ ტექსტში.

კრემლს ბაიდენის კომენტარი უპასუხოდ არ დაუტოვებია: „ეს ბატონი ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის. ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი უნდა იყოს“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

უფრო ადრე, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოცილება მათი მიზანი არ არის.

„ჩვენთვის საკითხი რეჟიმის შეცვლას არ შეეხება. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდათ, რომ ხელმძღვანელობდეს მათ”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მარტის დასაწყისში.

guardian.ge