მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯეიმს მატისი პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის დაყოფაში სდებს ბრალს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა პრეზიდენტ ტრამპს დაყოფასა და მისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მატისს კომენტარი იშვიათად გაუკეთებია. ამერიკაში მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ფონზე კი, რაც მინეაპოლისში 25 მაისს აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, მან თქვა, რომ პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის „დაყოფას“ ცდილობს. მისი შეფასებით, ტრამპმა ვერ შეძლო „მოწიფული ხელმძღვანელობა“ ეჩვენებინა. გადამდგარმა გენერალმა აღნიშნა, რომ იგი „გაბრაზებული და შეძრწუნებულია“ ტრამპის მიერ ამჟამინდელი არეულობების გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯებით.

„დონალდ ტრამპი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც არ ცდილობს ამერიკელი ხალხის გაერთიანებას – მოჩვენებითადაც კი არ ცდილობს ამას. ნაცვლად ამისა კი, იგი ჩვენს დაყოფას ცდილობს“, დაწერა მატისმა ჟურნალ „The Atlantic“-ში.

იგი განაგრძობს: „ჩვენ მომსწრენი ვართ ამ წინასწარ განზრახული ძალისხმევის შედეგების. ჩვენ მომსწრენი ვართ მოწიფული ხელმძღვანელობის არმქონე სამი წლის შედეგების“.

გენერალმა მატისმა პოსტიდან წასვლის შესახებ 2018 წლის დეკემბერში განაცხადა და ამის მიზეზად ტრამპის სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება დაასახელა. თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი მეტწილად ჩრდილში იდგა და კომენტარების გაკეთებას ერიდებოდა.

ოთხშაბათს, ჟურნალ „The Atlantic“-ში გამოქვეყნებული კრიტიკული შენიშვნების საპასუხოდ ტრამპმა „თვითერზე“ რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მატისი „მსოფლიოს ყველაზე ზედმეტად შეფასებული გენერალი“ იყო.

„შესაძლოა, რაც მე და ბარაქ ობამას შეიძლება გვქონდეს ერთადერთი საერთო, ესაა ის, რომ ჩვენ ორივეს გვქონდა პტივი გაგვეშვა სამსახურიდან ჯიმ მატისი, მსოფლიოს ყველაზე ზედმეტად შეფასებული გენერალი. მე ვთხოვე მას გადადგომის განცხადება გაეკეთებინა და თავი ჩინებულად ვიგრძენი ამის გამო. მისი ზედმეტსახელი იყო „ქაოსი“, რაც მე არ მომწონდა და შევცვალე ის „ცოფიანი ძაღლით“…

…მისი მთავარი სიძლიერე არა სამხედრო საქმე, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთობა იყო. მე მას ახალი ცხოვრება მივეცი, რომ ეკეთებინა საქმეები და მოეგო ბრძოლები, მაგრამ მას იშვიათად „მიუღწევია წარმატებისთვის“. მე არ მომწონდა მისი „ხელმძღვანელობის“ სტილი და სხვა რამეები და ბევრი სხვა მეთანხმებოდა. მიხარია, რომ იგი წასულია!“ – დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

2018 წლის დეკმბერში თავისი გადადგომის წერილში მატისმა მკაფიოდ გააკრიტიკა ტრამპი ამერიკის იმ უახლოესი მოკავშირეების დაუფასებლობისათვის, რომლებიც ორივე კონფლიქტში შეერთებული შტატების გვერდიგვერდ იბრძოდნენ. მატისმა თქვა, რომ ტრამპი იმსახურებდა ისეთი თავდაცვის მდივნის ყოლას, რომელიც უფრო ახლოს იდგებოდა მის შეხედულებებთან.

GUARDIAN.GE