საქართველო

ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს NATO-ში აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის განვრცობის გარეშე გაწევრიანების სურვილს ალიანსში ვერ ხედავს

საქართველოს NATO-ში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მე-5 მუხლის მოქმედების გარეშე გაწევრიანების შესახებ ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქით“ ეხმაურება და ამბობს, რომ იგი ვერ ხედავს NATO-ში სურვილს, განიხილონ ეს და არც იმის სჯერა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ამ იდეას დროულად აღიქვამდეს.

„მე ვიხილე ამჟამინდელი დისკუსიები საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე მე-5 მუხლის გარეშე, რომელიც მის ორ რეგიონს ეხება. ჩემი შეხედულებით, ამ საკითხის განხილვას ახლა აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ NATO-ში სურვილს, განიხილონ ეს და არც იმის მჯერა, რომ ამჟამინდელი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ამ იდეას დროულად აღიქვამდეს. საქართველოს საელჩო NATO-ში მკაფიო და კონკრეტული იდეებით, აქტიურად უჭერს მხარს იდეას – უფრო მეტი საქართველო NATO-ში და უფრო მეტი NATO საქართველოში. ეს არის მართებული მიდგომა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. და NAC-ი (ჩრდილო ატლანტიკური საბჭო) მალე საქართველოში იქნება, რომ განიხილოს თუ როგორ გავაღრმავოთ შემდგომი ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის იმ კუთხით, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების მიმართულებით, რომელიც დაეხმარება მას წევრობის მოსამზადებლად“, აცხადებს აპატურაი.

guardian.ge