საქართველო

ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხზე

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორთან მიხაილ მოლერთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა გაერო-ს ჟენევის ოფისთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.

„შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. მინისტრმა გაერო-ს ოფისის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხზე, ხაზი გაესვა მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების საკითხზე. ამ მხრივ, აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მე-16 მიზნის პოპულარიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ჟენევის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა,რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება ამ მხრივ საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

ყურადღება დაეთმო ღია მმართველობის ინიციატივაში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და OGP-ის გლობალური სამიტის მოსამზადებელ საკითხებს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში გაიმარება.

მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორი საქართველოში მიიწვია”, აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.