საქართველო

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, 50 წლის მამაკაცი, რომელიც 1 კვირის წინ ირანში იმყოფებოდა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, ირანთან მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში.

„მინდა მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმებული იქნა მოქალაქე ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებდნენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს, რა თქმა უნდა მათი დასნებოვნების რისკს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში.

„ამ ეტაპისთვის პაციენტო მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას არ ემუქრება არანაირი საფრთხე ამ ეტაპისთვის.

„მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არა გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახოციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია.

„სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები/ ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფო სივრცეები“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 50 წლის მამაკაცი ირანიდან საქართველოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით აზერბაიჯანის გავლით მგზავრობდა და მას შემდეგ, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე შემოწმდა, საეჭვო სიმპტომებიდან გამომდინარე, იგი იქიდან თბილისში პირდაპირ ბოქსირებულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.

GUARDIAN.GE