საქართველო

წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოაბრძანეს

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თბილისში მომლოცველთა ჯგუფმა სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.

წმინდა ცეცხლი ეკლესიებში გადანაწილდება, მას ასევე მიიტანენ სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას ასრულებს.იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი 15:17 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.