საქართველო

წალკის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ სკოლა არ დაკეტილა და არც აქვთ სურვილი, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ემილ ხაჩატურიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლა არ დაკეტილა და არც მომავალში აქვთ სურვილი, რომ ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

როგორც GUARDIAN.GE-ის ემილ ხაჩატურიანმა უთხრა, ტრადიციული ფორმით სწავლის პროცესი უფრო ეფექტურია და გაცილებით მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე ვირტუალური სწავლება.

ფოტოზე: შაქრო ხაჩატურიან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარების პროცესში

„უკვე ორნახევარი თვეა, რაც საკლასო ოთახებში განვაახლეთ სასწავლო პროცესი და ჯერჯერობით არავითარი შეფერხება არ შეგვქმნია. აბსოლუტურად ვიცავთ ყველა იმ წესს და რეკომენდაციას, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაგვიწესეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არის გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მთელ ქვეყანაში და მსოფლიოში, ჩვენს სოფელში და ზოგადად წალკის მუნიციპალიტეტში შეიძლება ითქვას, კარგი მდგომარეობაა.

ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის დირექტორი ვართუი სარკსიან მე-12 კლასში ქიმიის გაკვეთილის ჩატარების დროს

„ვიცავთ ყველა იმ წესს, რისი დაცვაც კანონით გვევალება. ვატარებთ თერმოსკრინინგს, მწყობრში გვაქვს დეზობარიერები. ჰიგიენური ნორმები და სოციალური დისტანცია სრულად არის დაცული.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით სკოლაში ვირუსის გავრცელებას არ ჰქონია ადგილი.

„გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ჩვენ, გაკვეთილების საკლასო ოთახებში ჩატარების მომხრე ვართ, რადგან ასე უფრო უკეთესად ვასწავლით ბავშვებს. გარდა იმისა, რომ ონლაინ სწავლება ნაკლებად ეფექტურია, არსებობს მეორე საკითხიც. აქ, ყველა ოჯახს არ აქვს კომპიუტერი და ონლაინ სწავლების პირობებში ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში სრულყოფილად ვერ ხერხდება.

„იმედი გვაქვს, არ დაგვჭირდება სკოლის დაკეტვა. ახლა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა შეზღუდვები, კიდევ უფრო მეტად იკლებს ადამიანების გადაადგილება, რაც ვირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ემილ ხაჩატურიანმა.