საქართველო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 დონის სასწავლო კურსი გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს

31 იანვარს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ წალკაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განვითარების კონსულტანტმა ლია ცერცვაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სერტიფიკატები წალკის რეგიონული სასწავლო ცენტრის 13 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 დონის სასწავლო კურსი გაიარეს.

სასწავლო პროცესი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლაში დაკომპლექტებულ მობილურ ჯგუფში მიმდინარეობდა და მას ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერი უძღვებოდა.

სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ევგენია ფურცელაძემ და წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, არსენ ჯმუხაძემ. მათ მსმენელებს A1 დონის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.