საქართველო

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელ ჯვარს“ გადასცა

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ წითელ ჯვარს, ოკუპირებულ რეგიონში, თებერვლის ბოლოს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ გაავრცელა.

ცხედარი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ერგნეთის ნეიტრალურის ზონის გავლით გადმოიყვანეს, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ტატუნაშვილის ცხედარს ჯერ თბილისში, სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ყოფილი ქართველი სამხედრო პირის ცხედარს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ტატუნაშვილის ოჯახში გადაასვენებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდნ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ, ერგნეთში პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

„ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თბილისში, და ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ოჯახში, სადაც მოლოდინი არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ამ მძიმე წუთებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ოჯახს ჰქონდეს და ახლობლებს ჰქონდეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა – ჩვენც გვქონდეს, სახელმწიფოს, საზოგადოებას საშუალება, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ მას“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.