ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ციხეში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას ფეხებსა და ხელებში გრძნობის დაკარგვა აღენიშნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავგამოდებული კრიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში გრძნობის დაკარგვა აღენიშნება, იტყობინება BBC მის ადვოკატზე, ვადიმ კობზევზე დაყრდნობით.

ადვოკატის განცხადებით, ნავალნის, რომელიც კოლონიაში, სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით იხდის სასჯელს, ორი ზურგის თიაქარის დიაგნოზი დაუდგინდა.

გასულ კვირას ნავალნიმ ზურგისა და ფეხის მწვავე ტკივილების სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობები შემაშფოთებელია.

კობზევმა, რომელიც ნავალნისთან ოთხშაბათს იმყოფებოდა, „თვითერზე“ დაწერა (რუსულად): „ალექსეი დამოუკიდებლად გადაადგილდება. იგი სიარულის დროს ტკივილს გრძნობს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ავადმყოფობა პროგრესირდება და იგი კარგავს გრძნობას ფეხებში, ხელისგულებსა და მაჯებში“.

კვირის დასაწყისში, 44 წლის ნავალნი ქალაქ პოკროვის ციხის სამედიცინო პალატაში რესპირატორული ავადმყოფობის სიმპტომებით გადაიყვანეს. იგი მაღალ ტემპერატურას და ხველებას უჩიოდა. მისი ტემპერატურა მერყევი იყო. ადვოკატის ინფორმაციით, ორშაბათს მას 39C ტემპერატურა ჰქონდა, რაც ოთხშაბათს 37C-მდე ჩამოვიდა. მისივე თქმით, ნავალნი შიმშილობის გამო დღეში 1 კილოგრამ წონას კარგავს.

„ინსტაგრამზე“ განთავსებულ განცხადებაში ნავალნიმ თქვა, რომ ციხის ადმინისტრაცია მის ახლოს ქათმის შეწვით და მისი ტანსაცმლის ჯიბეებში ტკბილეულის ჩადებით ცდილობს შიმშილობაზე უარი ათქმევინოს.

ოთხშაბათს, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ნავალნის პატიმრობაში ყოფნას „პოლიტიკურად მოტივირებულად და დიდ უსამართლობად“ მიიჩნევს და მოუწოდებს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა Amnesty International- მა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობაში ისეთ პირობებში იმყოფება, რაც წამების ტოლფასია და შესაძლოა ეს ნელ-ნელა კლავს მას. უფლებადამცველების თქმით, ციხე განსაკუთრებით მკაცრი პირობებით არის ცნობილი.

ნავალნის ადვოკატები, რომლებიც მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტუმრობენ, აცხადებენ, რომ კოლონიაში ექიმები არ არიან და იქ სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ერთი ექთნითაა წარმოდგენილი.  

გასულ კვირას, რუსეთის საპატიმრო სამსახურმა უარყო ნავალნის ბრალდებები, რომ იგი არ იღებდა სათანადო მკურნალობას და განაცხადა, რომ პატიმარს „მისი სამედიცინო სიმპტომების შესაბამისად ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია“.

ნავალნის 2014 წელს სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, რაც ფართოდ იქნა მიჩნეული, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

პირობითი მსჯავრი ნამდვილი თებერვალში გახდა, მას შემდეგ, რაც იგი გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამვლის გამო მკურნალობდა.

GUARDIAN.GE