საქართველო

ცესკო: ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო, – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ავთანდილ ოსეფაიშვილი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობდა. საარჩევნო საკითხებზე მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და 14 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას. ავთანდილ ოსეფაიშვილის პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება სამაგალითო იყო მისი კოლეგებისთვის.

ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 ოქტომბერს შეიყვანეს და დაავადების სიმძიმის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს ავთანდილ ოსეფაიშვილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს“, – აცხადებენ ცესკო-ში.